დონალდ ტრამპი

მას შემდეგ რაც COVID-19 დაუდასტურდა, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ

დონალდ ტრამპი
AFP

შაბათს, 10 ოქტომბერს, პრეზიდენტი თეთრ სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოვიდა. ეს დონალდ ტრამპის პირველი საჯარო გამოსვლაა, მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID-19-ის გადაცემის რისკს აღარ წარმოდგენს.

ტრამპის ექიმის შონ კონლის თანახმად, პრეზიდენტისთვის ჩატარებული ტესტები აჩვენებს, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ მრავლდება და ის სხვებისთვის გადაცემის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ექიმს არ უთქვამს, რომ დონალდ ტრამპის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

"ამ საღამოს, მიხარია, შეგატყობინოთ, რომ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის კრიტერიუმებს, უსაფრთხოდ იზოლაციის შეწყვეტისათვის, ამ დილით COVID-ის PCR ტესტის ნიმუში გვაჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით ის [ტრამპი] აღარ მიიჩნევა სხვებისთვის ვირუსის გავრცელების რისკად". – თქვა ექიმმა შონ კონლიმ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა არ ჰქონიათ, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის შემდეგ სხვა ადამიანებთან შეხვედრა შეუძლიათ. 10 ოქტომბერს დონალდ ტრამპს ფლორიდაში ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარება სურდა. პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის გუნდის თანახმად, ფლორიდაში ამომრჩევლებთან შეხვედრა ორშაბათს გაიმართებოდა, რის შემდეგაც ტრამპი პენსილვანიასა და აიოვაში ჩავიდოდა. 

დონალდ ტრამპს COVID-19 2 ოქტომბერს, ჯო ბაიდენთან პირველი დებატის შემდეგ დაუდასტურდა. ერთი დღის შემდეგ ის უოლტერ რიდსის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ვირუსი არ დაუდასტურდა ჯო ბაიდენს. დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის კიდევ 2 დებატებია დაგეგმილი, რომლებიც 15 და 22 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო 15 ოქტომბრის დებატები ვირტუალურად გაიმართებოდა. ტრამპი ამბობს, რომ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ აპირებს. თავის მხრივ, კომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. 22 ოქტომბრის დებატების ფორმატი ამ დროისთვის არ შეცვლილა.

კომენტარები