არჩევნები 2020

სააკაშვილი: 11-ში ათენში თანამემამულეებს შევხვდები, ქართული ოცნება პროვოკაციას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატის, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 11 ოქტომბერს, 14:00 საათზე ათენში გაიმართება საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, ამ შეხვედრის შესახებ წინასწარ გაიგო მმართველმა გუნდმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ იქ მცხოვრებ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციების მოწყობა დაავალა. 

"ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.

მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს, ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ, სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ!

ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!

სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!" – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბრძოლის შედეგად არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სიით, ხოლო 30 დეპუტატის მაჟორიტარული პრინციპით არჩევას გულისხმობს.  

კომენტარები