არჩევნები 2020

ჯაფარიძე კალაძეს: მოგმართავთ მუშტაიდში შეხვედრის უფლებისთვის და გეპატიჟებით მატჩზე

გირჩი

გირჩის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ის 8 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის ნებართვას ითხოვს. 

ჯაფარიძემ წერილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და თბილისის მერი მუშტაიდის ბაღში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის მატჩის საყურებლად დაპატიჟა. 

"კიდევ ერთხელ მადლობა გუშინდელი კომენტარისთვის. მაგრამ ეჭვი მაქვს, ბაღის ადმინისტრაცია ფბ კომენტარის სქრინს არ მიიღებს საკმარის მტკიცებულებად.

ამიტომ, ოფიციალური წერილით მოგმართეთ დღეს დილით და იქნებ ოფიციალურად დამიდასტუროთ დღესვე, რომ მუშტაიდის ადმინისტრაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ მე ხვალ იქ გავმართავ წინასაარჩევნო შეხვედრას და პარალელურად ეკრანზე გავუშვებ საქართველო-ბელორუსის ერ. ნაკრებების საფეხბურთო მატჩს, რადგან ადამიანთა თავშეყრა ღია სივრცეში დაშვებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

პასუხი ძალიან მეჩქარება, რათა დავიწყო ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება.

მადლობა წინასწარ და აქვე გეპატიჟებით მატჩის საყურებლად. ხვალ მუშტაიდში შეგვიძლია, ცოტა ხნით გავმიჯნოთ სპორტი და შიდა პოლიტიკა". – წერს ჯაფარიძე. 

გუშინ, 6 ოქტომბერს, ჯაფარიძემ Facebook live ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ მუშტაიდის ბაღის ადმინისტრაცია შეხვედრის ჩასატარებლად მერიის თანხმობას ითხოვდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მუშტაიდის ბაღის 100 პროცენტი მერიის მფლობელობაშია. 

"მე ავუხსენი [ადმინისტრაციას], რომ არანაირი ნებართვა საჭირო არ არის, რადგან პარტიულ შეკრებებს არ ეხება ეს რეგულაციები, რაც არის დაწესებული 200 კაცის შეკრებაზე, თუმცა ამის გამო მათ მაინც აქვთ შიში, რომ რაიმე პრობლემა შეექმნებათ. ვწერ საჯარო მიმართვას, იქნებ დღესვე საჯაროდ დაადასტუროს თბილისის მერმა, რომ პარტიული შეხვედრების მოწყობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის". – თქვა ჯაფარიძემ. 

თბილისის მერი ჯაფარიძეს კომენტარში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მთავარია რეგულაციები არ დაავიწყდეს, შეხვედრის ჩატარებას კი არავინ უშლის. 

"მიდი ჯაფარ ძმაო მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა? ისე კერძო მართველობაშია გადაცემული ადრე". – დაწერა კალაძემ. 

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია სივრცეებშიც აიკრძალა. რეგულაციის არშესრულების შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული. 

თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციისუფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება. 

კომენტარები