კორონავირუსი აჭარაში

კალოიანი: ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია იმან, რაც ჯანდაცვამ 6 თვეში არ გააკეთა

Facebook/ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

აჭარის ავტონომიური საბჭოს არჩევნებში ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ნიუ ჰოსპიტალს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ აჭარის რეგიონში შემთხვევების ზრდას ორი მიზეზი ჰქონდა: ტურისტულ სეზონზე მობილობის გაზრდა და მოუმზადებელი და გაქცეული ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

აჭარის რეგიონში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, შემთხვევების ზრდის გამო რატომ ჩაიკეტა დაბა მესტია და იგივე შეზღუდვები რატომ არ შეეხო ბათუმს.

"ლოგიკის პოვნა ბოლო გადაწყვეტილებებში ძალიან რთულია, უბრალოდ გაექცათ სიტუაცია ხელიდან, ორიენტირი ვერ აიღეს, ხელისუფლება იყო ძალიან მძიმე ისტერიულ კრუნჩხვებში, არ იცოდნენ რა ექნათ, იმდენად ყველა მხრიდან მოუმზადებლობის გამო დაატყდათ პრობლემები და უბრალოდ სიტუაცია გაიპარა. შემდეგ ამის კონტროლი აღმოჩნდა საკმაოდ რთული". – უპასუხა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ბათუმში დაწესებული მცირე შეზღუდვებით შედეგი არ გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით აკრძალვამ შემთხვევების მცირედით კლება გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, ამაზე ტესტირებების რაოდენობის შემცირებამაც იმოქმედა.

იგი აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მთავარ მიზეზად მაინც სიტუაციის კონტროლიდან გაქცევას ასახელებს, რადგან "ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სისტემამ დროულად ვერ მოაგვარეს ელემენტარული პრობლემები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ რომ მაისში და აპრილში უკვე მომზადებულები იყვნენ".

"ის რაც აჭარაში მოხდა ამან მოლოდინს გადააჭარბა. იცით რომ არ მჩვევია კატეგორიული ტერმინებით შეფასება, მაგრამ იმან, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ არ გააკეთა 6 თვის განმავლობაში, გამოიწვია ადამიანების გარდაცვალება. კარგად ვაცნობიერებ, რა ბრალდებას ვუყენებ ხელისუფლებას და რამდენად მძიმე ბრალდებაა მორალურად. ნომრებით შემიძლია მივუთითო პაციენტები, რომლებიც დაიღუპნენ იმიტომ, რომ დროულად ვერ მიიღეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ჰოსპიტალში". – თქვა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანის თქმით, ამ დროისთვის პანიკა ოდნავ ჩამცხრალია და ჯანდაცვის სამინისტრომ "რაღაცა" რესურსების დალაგება მოახერხა, თუმცა შემთხვევების მატება ისევ იგივე "კატასტროფის წინაშე დაგვაყენებს".

გასულ დღე ღამეში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში დადასტურდა. ასევე, უკანასკნელ 24 საათაში ინფექციით აჭარაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარაში, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 19 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 58-ია. Covid სასტუმროებში 943 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 92.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა.

კომენტარები