ბელარუსი

ტიხანოვსკაია მერკელთან შეხვედრამდე ბერლინში ბელარუსის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა [VIDEO]

დღეს, 6 ოქტომბერს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და ბელარუს ოპოზიციონერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შორის, შეხვედრა გაიმართება

მერკელთან შეხვედრის წინ ტიხანოვსკაია ბერლინში ბელარუსის მხარდამჭერ და ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა

ტიხანოვსკაიას თქმით, ბელარუსში არსებულმა ვითარებამ ბელარუსები მთელ მსოფლიოში გააერთიანა. 

აქციაში რამდენიმე ათეული აქტივისტი იღებდა მონაწილეობას. 

"მე დღეს გავიგე, რომ ბერლინში ბელარუსები და, ასევე, სხვა გერმანულ ქალაქებში ამ დრომდე ნაკლებად იცნობდნენ ერთმანეთს. თუმცა, ამ ზაფხულს ბელარუსი და ბელარუსები გაერთიანდნენ. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გასაჭირი, თუმცა ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. მთავრობას ჩვენი 26 წლის განმავლობაში არ ესმოდა და ახლაც არ გვისმენს". – აღნიშნა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მან, ასევე, ბერლინში პოსტდამის მოედანზე მოინახულა ბერლინის კედლის ნაწილი და თქვა, რომ ბერლინის კედელში დაინახა ტრანსფორმაციის ის სიმბოლო, რისი მოტანაც თავის ქვეყნისთვის სურს. 

აქტივისტებმა, ბელარუსი მომიტინგეების მხარდასაჭერად, კედლის ეს ნაწილი ბელარუსის ისტორიული დროშის ფერებში გადაღებეს. 

"ბერლინის კედლის მოძებნა იყო პირველი, რაც ბერლინში ჩამოსულმა გავაკეთე". – თქვა ტიხანოვსკაიამ

მანამდე, 29 სექტემბერს, ტიხანოვსკაია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ტიხანოვსკაია საფრანგეთის პარლამენტშიც მიიწვიეს, რათა სიტყვით გამოვიდეს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

2 ოქტომბერს ამოქმედდა 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

ასევე, 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა

კომენტარები