თუკი ადრე ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, დღეს ამაზე უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა და არგუმენტი საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია.
რადგან დღეს აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს, ცდილობენ, დათესონ შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა, რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ, თითქოს, გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს, გაჩერდა მშენებლობა, თითქოს, ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს, წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს, შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. თითქოს, არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს, განვითარება შეჩერებულია, თითქოს, ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და, საერთოდ, რა დღიდანაც ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.
ჭაობი, დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა, უპერსპექტივო აწმყო - უხვად იფრქვევა უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან.
პრინციპში, არც გაემტყუნებათ, პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს. ჩვენ გავუსწოროთ.





