კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვთხოვ ყველა მშობელს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მშობლებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე ექნება, სკოლაში არ გაუშვან და გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია. 

"ვთხოვ ყველა მშობელს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. თუ სიცხე ექნება, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია. თუ საჭირო გახდა, ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა ეს ბავშვი გამოიკვლევა covid-ზე". - ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, აუცილებელია, ყველა სკოლაში იყოს რეკომენდაციები დაცული, რათა რომელიმე სკოლა არ გახდეს ინფექციის კერა. 

"აუცილებელია, ყველა სკოლაში დაცული იყოს, და, დარწმუნებული ვარ, დაცული იქნება ორგანიზებული თერმოსკრინინგი, ასევე, ის რეგულაციები, რომლებიც ჩვენ ერთობლივად, განათლების სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შევიმუშავეთ. 

თვითონ პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელობა მოტივირებული და მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება. თუ სადმე დაგვიფიქსირდება ინფექციის კერა სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგების და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით". - ამბობს გამყრელიძე. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დღეიდან, 1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შეუძლიათ, დისტანციური სწავლება აირჩიონ.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები