ავტოსაგზაო შემთხვევა

POG: მძღოლს, რომელიც რუსთავში 16 წლის გოგოს დაეჯახა და გაიქცა, პატიმრობა შეეფარდა

shutterstock

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ ავტომანქანით შეეჯახა არასრულწლოვან გოგოს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, ის მეორე დღეს დააკავეს.

"დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები