კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში დადასტურდა, 98 იმერეთში

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარაში დადასტურდა, 98 კი იმერეთში.   

"თბილისში არის 62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15, სამცხე-ჯავახეთში 9, გურიასა და შიდა ქართლში 7, კახეთში კი 2. იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 6." - თქვა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 3 155 აქტიური შემთხვევაა, მათგან 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 33 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"ყველა ახალ დადასტურებულ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიდის. უცნობად, პრაქტიკულად, არ ითვლება, ყველა კონტაქტებია.  

რა თქმა უნდა, მომატებულია რაოდენობა. ხდება ძალიან აქტიური დატესტვა ყველა ახალი შემთხვევის. ეს მოსალოდნელი იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი აქტიური დატესტვის შემდეგ თანდათან მოიკლებს, იმიტომ, რომ ვლინდება თანდათან ყველა ინფიცირებული. კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში." - ამბობს ენდელაძე.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები