ბელარუსი

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, საფრანგეთის პარლამენტის წინაშე წარსდგება

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Belsat

29 სექტემბერს ბელარუსმა ოპოზიციონერმა, სვეტლანა ტიხანოსკაიამ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ლიტვაში შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის საფრანგეთის პარლამენტის წინაშე წარსდგება

"ჩვენ მივიღეთ მოწვევა, რომ საფრანგეთის პარლამენტის წინაშე ვილაპარაკოთ და ჩვენ ამას დავთანხმდით". – თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ემანუელ მაკრონი ტიხანოვსკაიას დაჰპირდა, რომ პოლიტიკურ კრიზისში მხარეებს შუამავლობას გაუწევს. 

ბელარუსმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მაკრონისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი არ არის -"ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი ინტერესი, როგორც ადამიანისთვის, რადგან ჩვენი უფლებები ფეხქვეშ გათელილია, ჩვენ დიქტატურა გვაქვს. მას ესმის ხალხის, რომელიც თავიანთი უფლებებისთვის იბრძვის".

სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს. 

ტიხანოვსკაიას ფიქრობს, რომ მაკრონი რუსეთის მხარესაც დაელაპარაკება ბელარუსზე და "ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა რუსეთი ჩართოს ამ მოლაპარაკებებში".

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მაკრონმა le Journal Du Dimanche-სთან საუბრისას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები უნდა მიიღოს და ძალაუფლებაზე უარი თქვას. თავის მხრივ, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, ნაკლებად "ეყურებინა აქეთ-იქით" და "ბოლო-ბოლო" საფრანგეთის შიდა საქმეებით დაკავებულიყო. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირი განიხილავენ არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ. სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები