ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

გაბუნიას თქმით, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, დღევანდელი მდგომარეობით, არის დაახლოებით 19. მისივე განმარტებით, 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება დაბალი რისკის ქვეყნებად, ხოლო 19-ის ზემოთ უკვე მაღალი რისკის ქვეყნებია.

"ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე).

4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება". – ამბობს თამარ გაბუნია.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი. სულ საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები