საერთაშორისო ფრენები

მეზვრიშვილი საერთაშორისო ფრენებზე: არ ვთვლი, რომ რაიმე ფორმით მკაცრი შეზღუდვებია

შსს

"მე არ ვთვლი, რომ რაიმე ფორმით აქ მკაცრი შეზღუდვებია, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს შეთანხმება, საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანი შედის და გადის." - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი საერთაშორისო ფრენებზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქმა, რომ ფრენები, შესაძლოა, გადაიდოს, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ "არ გეტყვით, ალბათ, ამას, იმიტომ, რომ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული."

"ჩვენ, რეალურად, ფრენებთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ სტრატეგია იყოს დაბალანსებული. მარტო აქ არსებულ მდგომარეობაზე არ არის ჩვენი გადაწყვეტილებები დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილებები დამოკიდებულია იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდვითარებაზე." - ამბობს მეზვრიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). 4 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატება, Wizz Air-ის ფრენა, ქუთაისიდან-რიგის მიმართულებით, თუმცა ეს ფრენა მხოლოდ კვირაში ერთხელ შესრულდება.

ასევე, ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზისა და ამსტერდამის მიმართულებით გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლოს, კიევის, დოჰის, ვარშავისა და მილანის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

"ასევე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში". – თქვა თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია

კომენტარები