ბელარუსი

დაკავებული ბელარუსი ოპოზიციონერი: ხალხი, ვინც გამიტაცა, წარმოუდგენლად სუსტი და ისტერიულია

​დაკავებული ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კოლესნიკოვა მამისთვის გაგზავნილ წერილში ბელარუს მომიტინგეებს მოუწოდებს, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდნენ: 

"შენ უნდა უთხრა მათ, რომ არ დანებდნენ, უბრალოდ გააგრძელეთ! ეს ხალხი, ვინც გამიტაცა, ყველა წარმოუდგენლად სუსტი და ისტერიულია. მათ ისიც კი არ იციან, თავიანთი საქმე კარგად როგორ უნდა აკეთონ".

მისივე თქმით, თავად კარგად არის, პირობები ასატანია და მშვენიერი ახალი მეგობრები ჰყავს. 

17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

თავად კოლესნიკოვა ამბობს, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურებმა მისი ქვეყნიდან დეპორტირება სცადეს, КГБ-ს ოფიცრებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ.

"განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ, თუ ჩემი ნებით არ დავტოვებ ბელარუსის რესპუბლიკას, მაინც გამიყვანენ ცოცხალს თუ მკვდარს. ასევე მემუქრებოდნენ, რომ 25 წლით ჩამსვამენ ციხეში". -  თქვა მან.

კოლესნიკოვა და ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორი წევრი 7 სექტემბერს გაუჩინარდნენ. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის კვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები