ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტმა EU-დან შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევისთვის კანონი მიიღო

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 340 ხმით 263 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტს შიდა ბაზრის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამ კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ვაჭრობის უწყვეტად გაგრძელება და ამისათვის არეგულირებს საერთო პოლიტიკას. მთავრობა კანონპროექტს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლეგალური უსაფრთხოების ბადეს" უწოდებს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ ევროკავშირში, სადაც ბრექსითზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია და მხოლოდ არაფორმალურ დონეზე გრძელდება. საქმე იმაშია, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში დაარღვევს ბრექსითზე ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის საზღვარზე მყარი საზღვრის თავიდან ასარიდებლად ჩრდილოეთ ირლანდიაზე განსხვავებული, ევროკავშირთან მიახლოებული საბაჟო პირობები გავრცელდებოდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ეს პირობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაშია ჩადებული, რომელიც საერთაშორისო კანონს წარმოადგენს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, საბოლოო დამტკიცებისა და შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ძალაში შესვლის შემდეგ მას დაარღვევს.

კრიტიკოსების პასუხად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მთლიანობის დაცვა და განხეთქილების თავიდან აცილებაა.

კანონის მიღებამ, შესაძლოა, ბრექსითის მოლაპარაკებების კიდევ უფრო შეაფერხოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ საერთაშორისო კანონების დარღვევა მიუღებელია და სამომავლო ურთიერთობაში ნდობის დაკარგვას გამოიწვევს.

თავის მხრივ, ბორის ჯონსონი იმუქრება, რომ თუ სავაჭრო შეთანხმებას 15 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევენ, დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებიდან გავა და ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ამის შემდეგ ამოქმედდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნებთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პირობებით ითანამშრომლებს.

კომენტარები