ბელარუსი - რუსეთი

პუტინმა ბელარუსს 1.5 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო

ვლადიმირ პუტინი და ალექსანრ ლუკაშენკო
DW

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დასახმარებლად 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. პრეზიდენტების შეხვედრა დღეს, 14 სექტემბერს, სოჭში გაიმართა.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო შენ, პირადად შენ, ყველა რუსს და მათ, ვინც არჩევნების შემდგომ პერიოდში გვერდში გვედგა". – ასე გადაუხადა მადლობა ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს.

ვლადიმერ პუტინს სესხის დეტალებზე ვრცლად არ უსაუბრია. მისი თქმით, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სხვა მხრივაც, მათ შორის, თავდაცვის სფეროშიც გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ლუკაშენკოს წინადადება დროულია და ბელარუსმა პრობლემები დამოუკიდებლად, სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს. 

ბელარუსში აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ 15 აგვისტოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგებოდა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის...ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა.

 

კომენტარები