ბელარუსი

ბელარუსის პოლიციამ 8 სექტემბერს აქციებზე 121 ადამიანი დააკავა

ბელარუსი. 8 სექტემბერი.
EPA

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციამ 8 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 121 ადამიანი დააკავა.

9 სექტემბერს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მაქსიმ ზნაკი, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა დაიჭირეს

ამჟამად, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს აქტიური წევრი ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი დარჩა. ყველა დანარჩენს მაღალჩინოსნებმა საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს ან დააკავეს.

ღსანიშნავია, რომ ზნაკის მსგავსად, 7 სექტემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა ოპოზიციონერი, მაირია კოლესნიკოვა, ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც "Связь" ეწერა. 8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსის საზღვრის კვეთისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. კოლესნიკოვა ამჟამად დაკავებულია.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

კომენტარები