ავსტრალია - ჩინეთი

ორმა ავსტრალიერმა ჟურნალისტმა ჩინეთი დატოვა, ქვეყნის დატოვებამდე ისინი პოლიციამ დაკითხა

მაიკ სმითი და ბილ ბირთლსი
ABC

ორმა ავსტრალიური საინფორმაციო მედიის ჟურნალისტმა ჩინეთი დატოვა. ავსტრალიური მედიების განცხადებით, ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირებაა. ბოლო პერიოდში ურთიერთობები ავსტრალიასა და ჩინეთს შორის გაუარესდა.

Australian Broadcasting Corporation-ის ჟურნალისტი, ბილ ბირთლსი და Australian Financial Review-ს ჟურნალისტი, მაიკ სმითი სიდნეიში სამშაბათს დაბრუნდნენ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარის პეინის განცხადებით, ჟურნალისტებს ქვეყნის დატოვებაში ავსტრალიის საკონსულო დაეხმარა.

"ჩვენი საელჩო პეკინში და გენერალური საკონსულო შანხაიში დაუკავშირდა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა უზურველყო მათი [ჟურნალისტების] კეთილდღეობა და ავსტრალიაში დაბრუნება". – განაცხადა მარის პეინმა.

ABC-ის ინფორმაციით, ბილ ბირთლს ავსტრალიელმა დიპლომატებმა ურჩიეს ჩინეთი დაეტოვებინა. რის შემდეგაც მან ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და თვითმფრინავის ბილეთებიც იყიდა.

თუმცა, მდგომარეობა გართულდა გასულ ოთხშაბათს. შუაღამით ჩინეთის პოლიციის შვიდი ოფიცერი ჟურნალისტის სახლში მივიდა. მათ ბირთლს განუცხადეს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდნენ და მოგვიანებით "ეროვნული უშიშროების საქმესთან" დაკავშირებით დაიკითხებოდნენ.

ბილ ბირთლსი ავსტრალიის საკონსულოს დაუკავშირდა. რის შემდეგაც ის ავსტრალიის საელჩოში გადაიყვანეს. საელჩოში ბირთლსმა ოთხი დღე გაატარა. ჩინეთის პოლიციამ ჩინეთში ავსტრალიის ელჩის, გრაჰამ ფლეტჩერის თანდასწრებით დაკითხა.

ასევე, პოლიცია ესტუმრა მაიკ სმიტს, რომელიც შანხაიშია დაფუძნებული. რის შემდეგაც მან შანხაიში ავსტრალიის საკონსულოს მიმართა. ჟურნალისტებს ჩინეთმა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცა, თუ მათ პოლიცია დაკითხავდა. AFR-ის ინფორმაციით, დაკითხვაზე ჟურნალისტებს ჩენგ ლეის შესახებ დაუსვეს კითხვები.

ჩენგ ლეი იყო ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო მედიის, CCTV-ის საერთაშორისო განშტოების, CGTN-ში მომუშავე, ცნობილი ჟურნალისტი. ის აგვისტოში დააპატიმრეს. ავსტრალიის მთავრობამ 14 აგვისტოს ჩენგ ლეის დაკავების შესახებ ფორმალური შეტყობინება მიიღო.

როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა თქვა, ჟურნალისტი ჩინეთში ბრალდების წარდგენის გარეშე დაიჭირეს და, შესაძლოა, თვეობით გაგრძელდეს მისი დაკავება.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმოში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ 9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს, იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

კომენტარები