ავსტრალია - ჩინეთი

ჩინეთის განცხადებით დაკავებული ავსტრალიელი ჟურნალისტი ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნიდა

ჭაო ლიძიანი
Reuters

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადების თანახმად, ავსტრალიელი ჟურნალისტი, ჩენგ ლეი, რომელიც ჩინეთის სამთავრობო სატელევიზიო არხზე მუშაობდა, გასულ თვეს ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემქმნელი უკანონო მოქმედებების გამო დააკავეს.

"ავსტრალიის მოქალაქე ჩენგ ლეი ეჭვმიტანილია ჩინეთის ერონული უშიშროებისთვის საფრთხის შემქმნელ კრიმინალურ საქმიანობაში. სავალდებულო ზომები მიღებულია და გამოძიებას შესაბამისი ორგანოები ატარებენ". – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმა.

ჭაო ლიძიანის კომენტარი პირველი განცხადებაა ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან რომელიც ჟურნალისტის დაკავების მიზეზს ხსნის.

"ამ საქმის წარმოება კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და ჩენგის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები სრულიად დაცულია". – აღნიშნა ჭაო ლიძიანმა.

სამშაბათს ჩინეთიდან ავსტრალიაში ორი ჟურნალისტი დაბრუნდა. მათ ქვეყნის დატოვება საკუთარი უსაფრთხოებისთვის მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ავსტრალიელმა დიპლომატებმა ჩინეთის დატოვება ურჩიეს. ორივე ჟურნალისტს ჩინეთმა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ისინი ჩინეთის პოლიციამ დაკითხა. მედიის ინფორმაციით, ორივე ჟურნალისტს კითხვები ჩენგ ლეისთან დაკავშირებით დაუსვეს. 

ჩენგ ლეი იყო ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო მედიის, CCTV-ის საერთაშორისო განშტოების, CGTN-ში მომუშავე, ცნობილი ჟურნალისტი. ის აგვისტოში დააპატიმრეს. ავსტრალიის მთავრობამ 14 აგვისტოს ჩენგ ლეის დაკავების შესახებ ფორმალური შეტყობინება მიიღო. ჩენგ ლეის დაკავების შემდეგ ჩინური ვებგვერდებიდან აიღეს მისი ვიდეოები.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმოში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ 9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს, იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

 

კომენტარები