მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა დაბრუნების გეგმა დააანონსა, მაგრამ გეგმაზე არაფერი უთქვამს

დაანონსების მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არ თქვა, თუ როგორ ან როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას. თითქმის 20-წუთიან ვიდეო მიმართვაში უკრაინის მაღალჩინოსანმა ქვეყნის განვითარების მისეულ გეგმაზე, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

რაც შეეხება დაბრუნების გეგმას, რაზეც წესით, უნდა ყოფილიყო ვიდეო მიმართვა, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ზოგადი წინადადებით შემოიფარგლა. 

"მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როცა არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. 

ამიტომ, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად... ყველა ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ 27 აგვისტოს ისაუბრა, მოგვიანებით კი თქვა, რომ დაბრუნების გეგმას 7 სექტემბერს წარადგენდა. 

ცნობა იმის შესახებ, რომ ენმ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებდა, ტაბულამ 7 აგვისტოს გაავრცელა. ერთი თვის თავზე, დღეს, 7 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს.

კომენტარები