ბელარუსი

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, კოვალკოვამ, ქვეყანა დატოვა

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს მაღალი რანგის წევრმა, ოლღა კოვალკოვამ, ბელარუსი დატოვა.

ის პოლონეთში, ვარშავაშია.

კოვლაკოვას 10-დღიანი პატიმრობა 25 აგვისტოს მიუსაჯეს. მისი თქმით, ის იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა - მაღალჩინოსნებმა მას უთხრეს, რომ კიდევ დააპატიმრებენ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ დატოვებს. 

"ბელარუსის მილიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წასვლას არ დავთანხმდები, დიდხნიანი დაკავებები მელის..." –თქვა მან.

"ისინი მოვიდნენ საპატიმროსთან, სადაც მე იზოლირებული ვიყავი, მომცეს ქუდი, ნიღაბი, ციხიდან გამომიყვანეს, მე უკანა სავარძელზე ვიწექი, რათა არაფერი დამენახა". – კოვალკოვა საზღვარზე წაიყვანეს, საიდანაც პოლონეთში კუზნიცია-ბრუჟგის საზღვრიდან შევიდა მანამ, სანამ ვარშავაში გაემგზავრებოდა. 

ამის მიუხედავად, კოვალკოვა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს - "ყველა ეს ქმედება ვერ შემაჩერებს მე, მე გავაგრძელებ პოლიტიკურ მოქმედებას და ვაპირებ დავბრუნდე ბელარუსში, რათა ჩემი საქმიანობა გავაგრძელო".

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ თუ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ის ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები