ბელარუსი - რუსეთი

ბელარუსი ბალტიის ქვეყნებს საპასუხო სანქციებს უწესებს, ლავროვი ბელარუსს დახმარებას ჰპირდება

ვლადიმირ მაკეი და სერგეი ლავროვი
Reuters

ბელარუსი ბალტიის ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაკეის განცხადებით, სანქციები ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების მიმართ პასუხია ბალტიის ქვეყნების მიერ ლუკაშენკოსა და ბელარუსის 29 მოქალაქისთვის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევის გამო სანქციების დაწესებაზე. მაკეის არ უთქვამს, სანქციების ფარგლებში კონკრეტულად ვის აეკრძალებოდა ბელარუსში შესვლა, თუმცა მან აღნიშნა, რომ სანქციები შეეხება იმათ, ვინც ბელარუსის საშინაო საქმეებში სცადა ჩარევა, მიუღებელი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ოპოზიციის დაფინანსებაზე ილაპარაკა.

ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ბელარუსს სანქციებს დაუწესებს, იგი სანქციებითვე უპასუხებს.

აგვისტოს ბოლოს ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებდნენ.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსს მხარდაჭერა აღუთქვა და თქვა, რომ პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი ბელარუსში ჩავა.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მტკიცე პასუხს გასცემს ბელარუსის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას. მან დაგმო ბელარუსში გარე ძალების ჩარევა.

ლავროვმა ნატო და ევროკავშირი ბელარუსზე "დესტრუქციული" განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

სერგეი ლავროვმა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო ანტირუსულ განწყობაში დაადანაშაულა. ლავროვის თქმით, საბჭომ მოუწოდა სამართალდამცველებს, გადასულიყვნენ დემონსტრანტების მხარეს და მსგავსი მოწოდებები კი კანონდარღვევაა. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ საბჭოსთან რაიმე სახის კავშირი დაამყაროს.

პარალელურად რუსეთის და ბელარუსის არმიების შტაბის უფროსებმა განიხილეს საერთო სამხედრო წვრთნები, რომელთა ჩატარებაც წელს ბელარუსში იგეგმება.

კომენტარები