გიორგი შაქარაშვილის საქმე

იუსტიციის გენინსპექციამ გაგნიძის საკნიდან ტანსაცმლის დაკარგვაზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის საკნიდან ტანსაცმლის დაკარგვაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ბრალდებული მორაგბის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ავრცელებს. 

ვასილ მამულაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან არჩილ გაგნიძის ტანსაცმელი დაიკარგა. მამულაშვილის დაცვის ქვეშ მყოფს ეჭვი ჰქონდა, რომ პროკურატურა მის ტანსაცმელზე არსებულ დნმ-ს ნიმუშს საქმეში მის წინააღმდეგ გამოიყენებდა და არ სჯეროდა ვერსიის, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა ტანსაცმელი შემთხვევით გადააგდეს. 

"ჩვენ გუშინ წარვადგინეთ წერილობითი განცხადებები, მათ შორის, როგორც გაგნიძის ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებით, ასევე პროკურორის ვიზიტთან დაკავშირებით. ვითხოვთ, ინფორმაციის დეტალურად მიწოდებას და ასევე მასალის დაარქივებას. ჩვენ ახლა ვარაუდებზე რომ არ დავაფუძნოთ ჩვენი მსჯელობა, ფაქტი არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ გაგნიძის ტანსაცმელი გაქრა, რომელიც განკუთვნილი იყო ოჯახის წევრებისთვის გადასაცემად. ეს უნდა გამოიძიონ. ეს იყო უბრალოდ გაურკვევლობა და შემთხვევით დაკარგვა – რისიც ჩვენ არ გვჯერა – თუ მიზანმიმართულად წაღება". – უთხრა ვასილ მამულაშვილმა რუსთავი 2-ს. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები