Facebook

Facebook-ი ავსტრალიაში ახალი ამბების გაზიარების აკრძალვით იმუქრება

Facebook

Facebook-ი ავსტრალიაში ახალი ამბების გაზიარების აკრძალვით იმუქრება. მიზეზი ახალი კანონია, რომლის მიღებასაც ქვეყანაში აპირებენ. კანონის მიხედვით Facebook-ი და Google-ი ვალდებული იქნებიან ფული გადაუხადონ გამოცემებს, რომლებიც სტატიებს მათ პლატფორმებზე ათავსებენ. რეგულატორებს სურთ, ონლაინ პლატფორმებმა საინფორმაციო სააგენტოებს მათი სტატიების გაზიარების შემთხვევაში შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადონ. ავსტრალიის მომხმარებელთა და კონკურენციის კომისიის მიხედვით, ეს პლატფორმები გამომცემლებს რეკლამიდან შემოსულ შემოსავლებს აკარგვინებენ. კანონი ავსტრალიურ გამოცემებს შეეხება.

Google-ში ამბობენ, რომ ეს საძიებო სისტემის მუშაობას გააუარესებს. Facebook-ში კი დაიმუქრნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მათ პლატფორმებზე ავსტრალიაში ახალი ამბებისა და სტატიების გაზიარებას სრულად აკრძალავენ.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კომპანიის ფილიალის დირექტორი ამბობს, რომ კანონი ვერ ითვალისწინებს ინტერნეტის დინამიკის სპეციფიკას და იმ გამომცემლობებს დააზიანებს, რომლის დასაცავადაც არის შექმნილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამოცემები საკუთარ მასალას Facebook-ზე საკუთარი ნებით ათავსებენ, რათა მეტი მკითხველი მიიზიდონ საკუთარ ვებ-გვერდებზე.

კომენტარები