იაპონია

იაპონიის მმართველი პარტია აბეს შემცვლელი პარტიის ლიდერის არჩევნებს 14 სექტემბერს ჩაატარებს

შიგერუ იშიბა და შინძო აბე
Reuters

იაპონიის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია შინძო აბეს შემცვლელი პარტიის ლიდერის არჩევნების ჩატარებას 14 სექტემბერს გეგმავს.

იქიდან გამომდინარე, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ფლობს, პარტიის ახალი ლიდერი იაპონიის პრემიერმინისტრიც გახდება.

ამჟამად მართველი პარტიისა და პრემიერმინისტრის პოზიციაზე ოთხი კანდიდატი გამოიკვეთა. 

იაპონური მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული კანდიდატი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიგერუ იშიბაა. თუმცა მედიის ინფორმაციით, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში მხარს ადმინისტრაციის მთავარ მდივანს, იოშიჰიდე სუგას უჭერენ. არც იშიბას და არც სუგას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებიათ პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობაზე. თავისი კანდიდატურის წამოყენების სურვილი გამოთქვეს თავდაცვის მინისტრმა, ტარო კონომ და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

Kyodo News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, შიგერუ იშიბას - 34%, ხოლო იოშიჰიდე სუგას 14% უჭერს მხარს. Nikkei/TV Tokyo-ს გამოკითხვის შედეგებით კი გამოკითხულთა 28% მხარს შიგერუ იშიბას უჭერს, 15% ტარო კონოს, 11% იოშიჰიდე სუგას. ორივე გამოკითხვაში ფუმიო კიშიდამ უკანასკნელი ადგილი დაიკავა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გადადგომის შესახებ პარასკევს განაცხადა. აბეს გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. 

იაპონიაში პრემიერმინისტრს პირდაპირი არჩევნებით არ ირჩევენ კანონმდებლობის თანახმად, მას პარლამენტი ირჩევს. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში უმრავლესობას მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ფლობს, პარტიის ახლად არჩეულ ლიდერს ქვეყნის პრემიერმინისტრობა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.

კომენტარები