ბელარუსი-რუსეთი

პუტინმა ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვში დაპატიჟა

ვლადიმირ პუტინი და ალექსანრ ლუკაშენკო
DW

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პუტინმა ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვში დაპატიჟა.

"შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირებში მოსკოვში შეხვედრა შედგება". - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლუკაშენკო 30 აგვისტოს 66 წლის გახდა. აქედან 26 წელია ის ბელარუსის პრეზიდენტის პოსტს იკავებს. პარალელურად, ბელარუსში გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები.

29 აგვისტოს დედაქალაქ მინსკში მსვლელობა გამართა ათასობით ქალმა. მსვლელობას "სოლიდარობის მარში" ერქვა და მისი მონაწილეები ლუკაშენკოს და მის მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებდნენ. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი.

მიმდინარე კვირას ქვეყანაში 300-ზე მეტი მომიტინგე და 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს. უცხოელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია გაუუქმეს. მათ შორის არიან BBC-ს, AFP-ს, Deutsche Welle-ს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტები.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

კომენტარები