ბრიტანეთი-ბელარუსი

რააბი: ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების მიზანში ამოღება

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა, დაგმო ბელარუსში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ჟურნალისტის მასობრივი დაკავება, რომელთა შორის იყო გაერთიანებული სამეფოს BBC-ის ჟურნალისტიც.

მისი თქმით, ეს ობიექტური ჟურნალისტიკისთვის აშკარა ხელის შეშლის მცდელობაა.

"ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების მიზანში ამოღება და დაიცვას მედიის თავისუფლება," – წერს დომინიკ რააბი.

27 აგისტოს ბელარუსში 263 მომიტინგე და 17 ჟურნალისტი დააკავესისინი მიმდინარე აქციების გაშუქებას გეგმავდნენ. დაკავებულები პოლიციაში ვინაობის გადასამოწმებლად წაიყვანეს. მათი ნაწილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კამერებით და ტელეფონებით გადაღებული ფოტოების წაშლა აიძულეს. მათ, ვინც მასალის წაშლაზე უარი თქვა ამ დრომდე არ ათავისუფლებენ.

დაკავებულია ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს ორი წევრიც. ოლგა კოვალკოვას და სერგეი დილევსკის უკანონო შეკრებების მოწყობის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით, რაც გულისხმობს იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

დაკითხვაზე დაიბარეს საბჭოს წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც. დაკითხვაზე ალექსიევიჩი 26 აგვისტოს მივიდა და შენობა 15 წუთში დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ გამოძიების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შექმნას სარეზერვო პოლიციის ძალები, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მათ მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ და გარკვეულ პერიოდში, სავარაუდოდ, ალექსანდრ ლუკაშენკო ამ სიაში იქნება.

კომენტარები