11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

საგარეო: გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედას პრობლემას მოვუგვარებთ და ჩამოვიყვანთ

მარშალპრესი

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედის საბერძნეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქალს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები აქვს დარღვეული, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

"ამ პროცესში მყისიერად ჩავერთეთ. პროცესი არის გართულებული იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენი საკონსულო სამსახური ორივე ქვეყანაში მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია შესაბამის სამსახურებთან და ჩვენ აუცილებლად, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ ამ საკონსულო კუთხით წარმოქმნილ პრობლემას. ასევე, უზრუნველვყოფთ საჰაერო გზით მის გადმოყვანას საქართველოში". – ამბობს ზალკალიანი.

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში 26 აგვისტოს ბრუნდებოდა, თუმცა, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს. გარდაცვლილის დის თქმითბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ.

11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილთან "იშვიათი ურთიერთობა" ჰქონდა.

კომენტარები