არჩევნები 2020

გოცირიძე: სააკაშვილის პრემიერად დასახელება შექმნილ ვითარებაში ლოგიკურიც იქნებოდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძის თქმით, პარტიაში იმსჯელებენ მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დასახელების შესახებ. როგორც გოცირიძე განმარტავს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააკაშვილის პრემიერად დასახელება "ლოგიკურიც" იქნებოდა.

"სიმწრის განცხადებაა, წულუკიანის ცინიკური რეპლიკა და სასაცილო პოსტის დადება ფეისბუქზე ნიშნავს, რომ არიან საკმაოდ შეშინებული და საკმაოდ ჩაფიქრებულები. ბევრ გარემოებათა გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცოდით მიხეილ სააკაშვილის ზუსტი გეგმები უკრაინაში, რა ვალდებულებები ჰქონდა, სადამდე და ა.შ. ამიტომ, დღევანდელმა მისმა განცხადებამ ბევრი რამ ნათელი გახადა". – ამბობს გოცირიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრუნდება.

7 აგვისტოს ტაბულამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

თავად სააკაშვილმა 3 აგვისტოს მისთვის დასმულ ამ კითხვას უპასუხა, რომ "საქართველოს მთავრობას და პრემიერს დანიშნავს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნება რაც იქნება, ყველა დავემორჩილებით." 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.  

"საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა". – ვკითხულობთ კონსტიტუციაში. 

სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. 

კომენტარები