ჩაკეტილი საზღვრები

სექტემბრის თვეში ათენი-თბილისი-ათენის ორი ჩარტერული ფრენა შესრულდება

სექტემბრის თვეში ათენი-თბილისი-ათენის ორი ფრენა შესრულდება. რეისებს ეგეოსის ავიახაზები 4 და 11 სექტემბერს შეასრულებს. განრიგი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე განაახლა.

რამდენიმე კვირის წინ, საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს მთავრობა საზღვრების არგახსნისთვის გააკრიტიკა. კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის.

პირველ აგვისტოს რუსთავი ორთან ინტერვიუში საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად.

"ნუთუ ასეთი რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ კვირაში 150 ადამიანი უზრუნველყოს? ასე ეშინიათ ვირუსის გავრცელების? ძალიან რთულად დასაჯერებელია". – თქვა ელჩმა.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები