სუროგაცია

ნადირაშვილი წულუკიანის ინიციატივაზე: ძალიან ცუდი განზრახვაა, რასაც ვერ განახორციელებს

ტაბულა

"ესაა ამ მავნებელი და ბოროტი ქალის ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ვერ განახორციელებს". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს.

ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანის ამ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ოჯახების და წყვილების საქმეში პირდაპირი ჩარევაა.

"ქართული ოცნება არის ბნელი, მავნებელი და ბოროტი, სწორედ ამის გამოხატულება იყო თეა წულუკიანის ინიციატივა, რომელიც მოვისმინეთ. ალბათ არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს ამ ინიციატივას. ქართულმა ოცნებამ და წულუკიანმა გადაწყვიტეს, რომ ადამიანების ყველაზე პირად საქმეში, ის რაც საერთოდ არაა მათი გადასაწყვეტი, არაა მათი საქმე. თუ წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის, ოჯახის ნაცვლად, თუ როდის სურთ მათ ბავშვების ყოლა". – ამბობს ნადირაშვილი.

გუშინ, 26 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შედის. წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს.

ბრძანების მიხედვით, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს "ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა" თუ ისინი:

  • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).

თეა წულუკიანის ხელმოწერილი ბრძანება პირველ სექტემბერს ამოქმედდება. 

კომენტარები