არჩევნები 2020

 ანა დოლიძე: მხარს ვუჭერ ხმების დაცვაზე ოპოზიციური პარტიების გაფორმებულ მემორანდუმს

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს 30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში დაიცავენ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს.

"მხარს ვუჭერ მემორანდუმის სულისკვეთებას და იმ კამპანიას, რომელსაც გამართავს ოპოზიცია არჩევნების დროს ხმების დაცვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ლეიბორისტების მაგიდის შემადგენლობის გარკვეულ წევრებთან მაქვს პოლიტიკური შეუთავსებლობა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მისაღებია, მაგალითად, პუტინის მოკავშირე პარტიასთან ერთად ხმების დაცვის ფიცის დადება. თუმცა, ოპოზიციის მცდელობა, რომ პირველი - დატოვოს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მარტო, არის გამართლებული. მეორე  - ოპოზიციის ნაბიჯი, რომ დაიცვას ხმები იმ გაყალბების მცდელობებისგან, რომელიც ექნება ქართულ ოცნებას, სრულად ვუერთდები და ვიზიარებ. მით უფრო, რომ ამის მომსწრე მე თავად გავხდი დიდუბეში, როდესაც "ძველი ბიჭების" მიერ შექმნილი ჯგუფები დამიპირისპირდნენ და კამპანიის ჩატარების საშუალება არ მომცეს,“ - ამბობს დოლიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ თბილისი მარიოტში სპეციალურ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ. 

მემორანდუმის პირობების შესასრულებლად შეიქმნება კონკრეტული შტაბი, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შევლენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მუშაობას დაიწყებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ.

მემორანდუმი, რომელიც ლეიბორისტების ოფისში შეხვედრების მონაწილე ოპოზიციურმა ძალებმა შეიმუშავეს, სხვა პარტიებისთვისაც ღიაა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ ალეკო ელისაშვილი და, ასევე, მარიამ ჯაშის პოლიტიკური გაერთიანება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

კომენტარები