იაპონია

იაპონიაში ნინძების მუზეუმი გაქურდეს

იაპონიაში, მიეს პრეფექტურის ქალაქ იგაში, იგა-რიუს ნინძების მუზეუმი გაქურდეს. ქურდები მუზეუმში ღამით შეიჭრნენ და 1 მილიონი იენი (დაახლოებით 9 470$) მოიპარეს. 

მუზეუმის ინფორმაციით, ქურდობა მუზეუმის დახურვის შემდეგ მოხდა. ქურდებს 150-კილოგრამიანი სეიფის მოსაპარად 3 წუთი დასჭირდათ.

პოლიციას დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

მუზეუმი განსაკუთრებული პოპულარობით ტურისტებს შორის სარგებლობს. გარდა იმისა, რომ მუზეუმში ნინძების ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლება, მნახველებს მუზეუმი საინტერესო თეატრალურ დადგმებსაც სთავაზობს.

ქალაქ იგას ნინძებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ისტორია აქვს. გავრცელებული მოსაზრებით, აქ ჩამოყალიბდა ნინძების ცნობილი იგას კლანი. ქალაქში ყოველწლიურად ნინძებთან დაკავშირებული ფესტივალიც იმართება. 2017 წელს მიეს უნივერსიტეტის ინიციატივით იგაში ნინძების კვლევის საერთაშორისო ცენტრი ჩამოყალიბდა.

კომენტარები