15 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი, 71 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ის არ იყო მხოლოდ ჩემი ძმა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ძალიან მომენატრება, მაგრამ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მისი ხსოვნა სამუდამოდ იქნება ჩემს გულში. რობერტ, მე შენ მიყვარხარ! მშვიდად განისვენე." – წერს დონალდ ტრამპი.
პრეზიდენტი ტრამპი 14 აგვისტოს ნიუ-იორკში მისი ძმის სანახავად ჩავიდა. ადმინისტრაციის ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპს "ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მის ძმასთან და მისი ძმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ის ცუდად იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის დასაწყისში რობერტ ტრამპმა ნიუ-იორკის სინაის მთის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში კვირაზე მეტი გაატარა.
რობერტ ტრამპი დონალდ ტრამპის ყველაზე უმცროსი ძმაა.
დონალდ ტრამპის მსგავსად, რობერტი საოჯახო ბიზნესს შეუერთდა და ტრამპის ორგანიზაციაში ხელმძღვანელი იყო.
ბოლო პერიოდში ის საჯაროდ არ ჩანდა, თუმცა გამოჩნდა მას მერე, რაც სცადა დისშვილის, მერი ტრამპის, ახალი წიგნის "Too Much and Never Enough" გამოცემის დაბლოკვა.
"ჩვენი ოჯახური ურთიერთობის სენსაციონალიზაციის და არასწორად დახასიათების მცდელობა, ამდენი წლის შემდეგ, მისი ფინანსური სარგებლისთვის არის უსამართლობა და აბსურდი ჩემი ძმის, ფრედის და ჩვენი საყვარელი მშობლების ხსოვნისთვის... მე და მთელი ჩემი ოჯახი ძალიან ვამაყობთ ჩემი შესანიშნავი ძმით, პრეზიდენტით და ვწუხვართ, რომ მერის ქმედებები მართლაც სამარცხვინოა." – ამბობდა ის.
რობერტ ტრამპი თავისი ქონებით მცირე ბიზნესებს ეხმარებოდა. ის იყო ორგანიზაცია Angels of Light-ის რწმუნებული. მან ასევე მნიშვნელოვანი თანხები გაიღო ცხენების სამაშველო ოპერაციისთვის.





