კორონავირუსი

ინგლისელმა კომპოზიტორმა ვებერმა Covid-19-ის Oxford-ის ვაქცინის ცდაში მიიღო მონაწილეობა

ცნობილმა ინგლისელმა კომპოზიტორმა, ენდრიუ ლოიდ ვებერმა, Covid-19-ის Oxford-ის ვაქცინის ცდაში მიიღო მონაწილეობა.

"ახლახანს დავასრულე Oxford-ის კორონავირუსის ვაქცინის ცდა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დიდი და პატარა თეატრები კვლავ გაიხსნას და მსახიობები და მუსიკოსები სამსახურს დაუბრუნდნენ".

ვებერი სტატუსს აზიარებს შემდეგი წარწერით: "გადაარჩინეთ ჩვენი სცენები". ენდრიუ ლოიდ ვებერი 72 წლისაა.

ის ცნობილია თავისი სახელგანთქმული მუსიკით მიუზიკლებისათვის: "Evita", "The Phantom of the Opera" და სხვ. ვებერმა სიმღერისთვის "You Must love Me" 1997 წელს ოსკარი აიღო.

20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Oxford-ის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო ჩანს და იმუნურ რეაქციებს იწვევს.

უფრო კონკრეტულად კი ცდამ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 1 077 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანების ორგანიზმში ისეთ ანტისხეულებსა და T ლიმფოციტებს წარმოქმნის, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ. 

როგორც ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები ამბობენ, კვლევა ძალიან იმედისმომცემია, თუმცა ჯერჯერობით მაინც ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს ვირუსისგან თავდაცვის საკმარისი მექანიზმი. ამ ეტაპისთვის ცდას არ შეუძლია იმის ჩვენება, შეუძლია თუ არა ვაქცინას ვირუსის შეყრის პრევენცია, ან მისი სიმპტომების შემცირება. შესაბამისად, უფრო მეტი ცდაა საჭირო უფრო მეტ ადამიანზე. შემდეგ ცდაში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 10 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 

"ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა, სანამ შეგვეძლება ვამტკიცოთ, რომ ჩვენი ვაქცინა Covid-19-ის პანდემიის მართვას დაეხმარება, მაგრამ ეს ადრეული შედეგები ძალიან იმედისმომცემია". – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სარა გილბერტი.

კომენტარები