კორონავირუსი საქართველოში

გახარია მესტიაზე: გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება, დაიწყება გაძლიერებული ტესტირება

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული ღონისძიებები გატარდება და ამის შესახებ საკოორდინატო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. 

მისივე თქმით, იქნება გადაადგილების გარკვეული შეზღუდვა. მუნიციპალიტეტში გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა ტესტირების რეჟიმი აქტიურად დაიწყოს. გახარია ამბობს, რომ ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.

"გვესმის რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის, ჩვენ ვმართავთ სიტუაციას დეტალურად. არანაირი რისკები არ არსებობს, რომ შეიძლება რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად იქნება მესტიაში ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება, დაიწყება გაძლიერებული ტესტირება. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული საჰოსპიტალო სისტემა იმისთვის, რომ, როცა გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება ინფიცირებულების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით ისე გავაგრძელოთ". – ამბობს პრემიერმინისტრი.  

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 - მესტიაში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები