აგვისტოს ომი

საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროშა დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.

დროშა დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლისა და ორბელიანების სასახლის შენობებზე. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები