გიორგი რურუას საქმე

დეგნანი: იმედია, რურუას საქმის მოსამართლეს ჰქონდა საშუალება, განაჩენი ჩაურევლად გამოეტანა

"იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს, რომელმაც გიორგი რურუას განაჩენი გამოიტანა, ჰქონდა საშუალება, ეს დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე გაეკეთებინა".- ასე შეაფასა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა.

დეგნანმა თქვა, რომ რურუას დაკავების დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები თავიდანვე არსებობდა.

"საქმეზე თავიდანვე იყო გარკვეული კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდანაც, რურუას მიმართ ბრალდებების ფაქტობრივ საფუძვლებზე. აშშ-ის საელჩოს და სხვებს ასევე ჰქონდათ წუხილი მისი დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით.

გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით.

როგორც ადრეც ვთქვი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს განვითარებისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ნდობა. ინვესტორებისთვის, რათა დააბანდონ ამ ქვეყანაში, და დემოკრატიული სიჯანსაღისა და პროგრესისთვის", - თქვა ელჩმა.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და ანდრეას კუბილიუსმა და აშშ-ის სენატორმა, ჯიმ რიშმა.
 

რიშმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტს კი მოუწოდა, შეიწყალოს რურუა.

იგივე მოწოდებები გააკეთეს ფოტიგამ და კუბილიუსმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები