ქართული მარში

"ისე დაინგრევა, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები" - მარშელები სოროსის ფონდთან

სანდრო ბრეგაძე / Sandro Breg/Facebook.com

პროპუტინურმა, ძალადობრივმა დაჯგუფებამ, ქართულმა მარშმა თბილისში, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და "სოროსის ფონდის საქართველოდან გასვლა" მოითხოვა. დაჯგუფებამ ფონდის ოფისთან დაწვა ფიტული, როგორც ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს - ჯორჯ სოროსის.

"თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, ისევე დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები" - თქვა ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს "მართლმადიდებლობასთან და ქართველობასთან ბრძოლის სიმბოლო" უწოდა. ქართული მარშის ულტიმატუმია, "ბოროტების ბუდე მოიშალოს".

"ეს არის ბოლო გაფრთხილება, მეტი გაფრთხილება აღარ იქნება. თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, გამოვალთ ქუჩაში, გამოვალთ ბევრად მეტი ადამიანი და, თუ სახელმწიფო არ აღასრულებს ხალხის ნებას, მაშინ ხალხი თავად იღებს ვალდებულებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება და მაშინ მშვიდობიანად აღარ დავიშლებით" - იმუქრება სანდრო ბრეგაძე.

ნეოფაშისტურ, პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩაატარებინეს. როგორც სანდრო ბრეგაძემ თქვა, მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, "რადგან ფუძემდებლურად ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები" არიან. 

ქართული მარში 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სანდრო ბრეგაძე არ გამორიცხავს თემატურად თანამშრომლობას, მათ შორის ქართულ ოცნებასთანაც.

კომენტარები