რუსეთი

YouTube-მა დუგინს ანგარიში დაუბლოკა

HuffPost

YouTube-მა ცნობილი რუსი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის და რუსეთის Tsargrad TV არხის ანგარიშები დაბლოკა. დუგინი Tsargrad TV-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს.

Google-ის, რომელიც YouTube-ის მფლობელია, წარმომადგენლების განცხადებით, ანგარიშების დაბლოკვის მიზეზი სავაჭრო რეგულაციების და სანქციებზე კანონების დარღვევაა.

Tsargrad TV-ს დამფუძნებელი და მფლობელი კონსტანტინ მალოფეიევია, რომელსაც უკვე 6 წელია აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები აკისრია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში თანამონაწილეობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების საჯარო მხარდაჭერისთვის.

Google-ის წარმომადგენლების თქმით, Tsargrad TV-ს ანგარიშის აღდგენის უფლება არ აქვს. Tsargrad TV-ის 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. როგორც Tsargrad TV-ში აცხადებენ, არხი კონსერვატორი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის არის განკუთვნილი.

არხის რედაქტორის, დარია ტოკარევას თანახმად, YouTube-მა არხის ანგარიში ისე დაბლოკა, რომ ის არც კი გააფრთხილა. მისივე თქმით, ანგარიშის აღსადგენად კომპანია სასამართლოში იჩივლებს.

კომენტარები