თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ძებნის დაწყებიდან მალევე - შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი და მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროში იმ ადგილიდან 15 კილომეტრის რადიუსში იპოვეს, სადაც ბოლოს კამერებმა აღბეჭდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის თქმით, სოფელ მაწევანის მიმართულება ხაიშში გამოკითხულ ადამიანებს არ მიუთითებიათ. 23 წლის ქალი კამერებმა სახლიდან გასვლიდან დაახლოებით ოც წუთში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ის მანქანას თავად მართავდა.

"დეტალურად შევისწავლეთ ის ტერიტორია და გამოვკითხეთ ადგილობრივები, ვადგენდით შესაძლო გადაადგილების მარშრუტებს, თუმცა, ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ 15 კილომეტრის დაშორებით, სხვა სოფელში, მიტოვებულ, დაუსახლებელ ადგილას აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გავლილმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოკითხა პოლიციის მიერ" -  თქვა ჭელიძემ.

შსს-ს ცნობით, ძიებისთვის დრონებიც გამოიყენეს, თუმცა, რადგან "ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არელში, ვერ მოხერხდა მანქანის პოვნა". მამუკა ჭელიძის მტკიცებით, "ავტომობილის გადაადგილების და ფიქსაციის მარშრუტი არ დაემთხვა შემთხვევის ადგილს, რაც გახდა იმ პერიოდის ძებნის მიზეზი, რა პერიოდშიც ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა".

"გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფლობდა ინფორმაციას შესაძლო დანახული მანქანის შესახებ. ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შემდგომ გადაადგილებას. ადგილი, კამერებზე, სადაც ავტომანქანა დაფიქსირდა, ხაიშში შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ამ მიმართულებაზე, იქ გამოკითხული ადამიანების მიერ არ იყო მითითებული.

ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ამ ავტომანქანას. როგორც მოგახსენეთ, გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომლებიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირების ლოკაცია იყო სხვა არეალში, ამ კუთხით, ვერ მოხერხდა იმ დღეებში ზუსტად ამ მანქანის პოვნა“, - განაცხადა მამუკა
ჭელიძემ და აღნიშნა, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ძებნა ოჯახის პირველივე შეტყობინებისთანავე დაიწყეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები