ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ მაჟორიტარებზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.
"მე მგონია, რომ ჩვენმა რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა მოიგოს არჩევნები, გამომდინარე იმ მძიმე სურათიდან, რაც არის. შემძრა იმ სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია ავიღოთ და გინდა სხვაგვარი ელემენტები მათი რეპუტაციის."
კობახიძემ ოპოზიციის ცალკეულ კანდიდატებზეც ისაუბრა მათ შორის ისნის მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი ვაშაძეზე. კობახიძის თქმით, უსინდისობის ნაწილში გიგა ბოკერიას მხოლოდ გიორგი ვაშაძე თუ შეედრება.
"თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო, ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა ეს ადამიანი სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, ოპოზიციაში თბილისის რვიდან ექვს ოლქში კანდიდატების შეთანხმება მოხერხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პარტიების კოორდინაცია რეგიონებზე გადანაწილებულ 22 მაჟორიტარულ ოლქში.
რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი დაასახელა.





