პოლიტიკა

12-წლიანი პაუზის შემდეგ ბელარუსმა აშშ-ში ელჩი დანიშნა

ლუკაშენკო და პომპეო
Reuters

12-წლიანი პაუზის შემდეგ, ბელარუსმა აშშ-ში ელჩი დანიშნა. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, თანამდებობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლეგ კრავჩენკო დაიკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა ავრცელებს

აშშ-სთან ერთად, შეიცვალა რესპუბლიკის ელჩი ავსტრიაშიც და პოსტი საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილემ, ანდრეი დაპკიუნასმა დაიკავა. ბელარუსსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აშშ-ს მხრიდან ბელარუსის ერთ-ერთი სახელმწიფო კონცერნისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ შეწყდა. 

სწორედ მაშინ ბელარუსში აშშ-დან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. ელჩების დაბრუნების გადაწყვეტილება მხარეებმა 2019 წლის აგვისტოში მას შემდეგ მიიღეს, რაც მინსკს ოფიციალური ვიზიტით დონალდ ტრამპის მაშინდელი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ეწვია. 

ბოლტონის ვიზიტის დროს, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ქვეყნებს შორის არაპროდუქტიულია. ვლადიმერ მაკეიმ აშშ-სთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და გააქტიურების სურვილი გამოთქვა. 

საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობენ ვაშინგტონშიც, მიმდინარე წლის აპრილში დონალდ ტრამპმა ბელარუსში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯული ფიშერი წარადგინა. ფიშერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები