გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმე - რას ყვება იაკობ ბრეგვაძე 19 ივნისის ღამეზე

იაკობ ბრეგვაძე

იაკობ ბრეგვაძე, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, თუ რა ხდებოდა 19 ივნისის საღამოს, როდესაც შაქარაშვილი გაუჩინარდა.   

"მანქანა რომ გაჩერდა, 4-5 გადმოვიდა. ერთს ხელში რკინა ეჭირა. მე გვერდზე გავიწიე, კამერა ხელში მეჭირა, ოღონდ გათიშული იყო, მაგ დროს არაფერს არ ვიღებდი. ჩემი კამერა ძალიან მიყვარს, უსაფრთხოება უზრუნველვყავი, როდესაც ავედი ზემოთ მეორე სართულზე. გავიქეცი, ღობეზე გადავხტი, კამერა ხელში მეჭირა. ზემოთ რომ ავედი, ჩანთაში ჩავდე, იმიტომ, რომ ვინმე რომ გამომკიდებოდა, რამე არ მოსვლოდა", - ყვება ბრეგვაძე. 

იაკობ ბრეგვაძის თქმით, შენობის მეორე სართულიდან გადახედვა არ უცდია, რათა მანქანის მგზავრებს ის არ დაენახათ. მისივე თქმით, ერთ-ერთ მეგობარ გოგოს დაბადების დღეზე მყოფი ბიჭების ნომერი სთხოვა, თუმცა დარეკვა გადაიფიქრა, რადგან "კიდევ არ გამეუარესებინა და არ ენერვიულათ, რომ ასეთი რაღაც მოხდა და თავიდანვე არ გავაგებინე." 

"ჯერ 111-ში დავრეკე, იმიტომ, რომ არ ვიცი, 112-ს არასდროს არ ვიყენებ და ნომერი ზუსტად არ ვიცოდი. მერე დავრეკე 112-ში, ველაპარაკე ოპერატორს და ავუხსენი, პირველ რიგში, რაც ვნახე Google Map-ზე ახლოს იყო ქებაბ ჰაუსი. მე არც გადამიხედავს, ქებაბ ჰაუსი საერთოდ აწერია თუ არა, ეგეც არ ვიცი", - ამბობს ბრეგვაძე. 

მისივე თქმით, ხმაური ესმოდა, თუმცა გარკვევით არ გაუგონია, თუ რას ამბობდნენ. 

კითხვაზე, დაინახა თუ არა, რომ მანქანის მგზავრებმა ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იაკობ ბრეგვაძე პასუხობს, რომ არა. ბრეგვაძეს ასევე არ დაუნახავს იმ ადამიანის სახე, ვისაც ხელში რკინა ეჭირა. 

"როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ. რკინა ეჭირა ხელში და რკინა როცა უჭირავს, სალაპარაკოდ არ მოდის ადამიანი. 

სახეზე არც შემიხედავს - რკინა ეჭირა ხელში, რკინას შევხედე და უცებ გავიქეცით ყველანი. [...] ასეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ რაღაცების გამოხატვა არ შემიძლია. რა ვქნა, ასეთი ვარ. 112-შიც რომ ვრეკავ, ქვემოთ არიან ბიჭები და მე რომ ხმამაღლა მელაპარაკა, ამოვიდოდნენ", - ამბობს ბრეგვაძე. 

ბრეგვაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც 112-ში დარეკა, გარეთ გაიხედა, მისივე თქმით, მანქანა იქ უკვე აღარ იყო. 

"იყო ორი ბიჭი მხოლოდ. ჩასვლას ვაპირებდი, რომ დავხმარებოდი. მაგ დროს მოვიდა მეორე მანქანა და მე უცებ ამოვბრუნდი უკან. როდესაც მანქანა აღარ იყო და საერთოდ აღარაფერი აღარ ხდებოდა, დაბლა ჩავედი, ტყეში გადავედი. ტყიდან კიდევ ვურეკავ 112-ს, თუ თვითონ მირეკავენ, ზუსტად აღარ მახსოვს. მითხრეს, ახლა გამოვგზავნეთო და ვუთხარი, ახლა უკვე აღარაფერი აღარ ხდება და რა აზრი აქვს-მეთქი. მაგ დროს იქ საერთოდ არავინ აღარ იყო და არაფერი აღარ ხდებოდა", - ამბობს ის. 

იაკობ ბრეგვაძის თქმით, როდესაც ტყიდან გავიდა, მასთან პოლიციის ერთი ეკიპაჟი მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ უამბო. მისივე თქმით, ეკიპაჟმა ის თბილისში წამოიყვანა. 

"თუ გადიხარ თბილისში, გამიყოლეთ-მეთქი და გამომიყოლეს", - უთხრა ბრეგვაძემ ფორმულას

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა აუდიოჩანაწერი, როგორ რეკავს იაკობ ბრეგვაძე 112-ში, ოპერატორს ეუბნება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწრაფად მივიდნენ. ბრეგვაძე ამბობს, რომ Kebab House-სთან იმალება, როგორც ის ოპერატორს ეუბნება, მისი მიგნება ტელეფონის ლოკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, 112-დან ბრეგვაძეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან Kebab House არ იძებნება. Kebab House რუკაზე მარტივად იძებნება

მეორე ზარისას ბრეგვაძე ოპერატორს შეტყობინების გაუქმებას სთხოვს, რადგან მანამ, სანამ შსს ადგილზე მივიდა, დაპირისპირება დასრულდა და ტერიტორია ყველამ დატოვა. შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრეგვაძე მას შემდეგ იპოვა, რაც შსს-ში შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

კომენტარები