ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ოქრუაშვილი ივანიშვილს: არანაირ შანტაჟს და დაშინებას არ ვექვემდებარები

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წნეხის ფონზე მაისში შეიწყალა, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის განახლება შანტაჟის ხასიათს ატარებს. 

ირაკლი ოქრუაშვილმა ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა, რომ ის დაშინებას არ ექვემდებარება. 

"ჩემ წინააღმდეგ საქმეს მე არ ვუყურებ როგორც პრობლემას. ამაში მე ვერ ვხედავ ვერაფერ განსაკუთრებულს და თან მინდა, საკმაოდ მკაფიო გზავნილი გავუგზავნო ივანიშვილს. ეს საქმე არის ერთგვარი შანტაჟის მეშვეობით გამოყენებული ჩემ წინააღმდეგ. არანაირ შანტაჟს და დაშინებას არ ვექვემდებარები, ვისთანაც გასდის ეს, მასთან იმოქმედოს ასე". – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. 

გამარჯვებული საქართველოს ლიდერის თქმით, ის, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება თავისუფალი არ არის და ქვეყანაში არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ბევრჯერ დადასტურდა. 

"სამწუხაროა ის, რომ ქვეყანა იხდის ძალიან ძვირ ფასს ამისთვის. არჩევნების წინ ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდი იქნება და ქვეყნისთვისაც". – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

18 ივლისს ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის "საქმე გააცოცხლოს". 

არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა საქმე "გაუცოცხლეს" თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მაგრამ ფორმულას ინფორმაციით, საქმე ბუტა რობაქიძის მკვლელობას უკავშირდება და სასამართლო პროცესი 22 ივლისსაა ჩანიშნული. 

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა 13 აპრილს შეუფარდეს. 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ხელისუფლებისგან დაუყონებლივ მოითხოვდნენ ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. 

ამ ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. გიორგი რურუას სასჯელი ამ დრომდე არ აქვს შეფარდებული, ის წინასწარ პატიმრობაშია, შესაბამისად, პრეზიდენტს მისი შეწყალება არ შეეძლო. 

კომენტარები