თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალინის თქმით, აია-სოფიას მეჩეთის გახსნის შემდეგ მის ისტორიული მოზაიკას ისეთივე სახე შეუნარჩუნდება, როგორიც ის ბოლო 500 წლის განმავლობაში იყო.
კალინის თქმით, "თურქეთმა ყველა დაპატიჟა მეჩეთში, მათ შორის აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებით დამწუხრებული პაპი ფრანცისკე".
იბრაჰიმ კალინმა ამის შესახებ უთხრა CNN-ს ინტერვიუში და აღნიშნა, რომ აია-სოფია თურქეთის "კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია".
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მეჩეთი ღია იქნება "აბსოლუტურად" ყველასთვის - მორწმუნეებს, არამორწმუნეებს, მუსლიმებს, ქრისტიანებს ბუდისტები - ყველას შეეძლება ისტორიული მოზაიკის ნახვა.
აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.
ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.
გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.
UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აია-სოფის მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.
აია-სოფიას ისტორიის და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.