აია-სოფია

აია-სოფიაში ისლამური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები ფარდით დაიფარება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაში
Daily Sabah

კვირას რეჯიფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიას მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა. ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების სამუშაოები შეამოწმა. პარასკევს, 24 ივლისს, აია-სოფიაში 500 კაციანი ისლამური ლოცვის ჩატარება იგეგმება.

თურქეთის რელიგიურ საკითხთა დირექტორატის განცხადებით, აია-სოფიაში ქრისტიანული ფრესკებს ფარდა ჩამოეფარება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალიმის ინფორმაციით, ფარდით დაიფარება ღვთისმშობლის და გაბრიელ მთავარანგელოზის მოზაიკა.

ღვთისმშობლის და სერაფიმების ფრესკა საკურთხევლის გუმბათზეა გამოსახული. პირველად აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, მიჰრაბი (ნიშა, რომელიც მექას მიმართულებას აჩვენებს) ასევე საკურთხეველში გაკეთდა. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთან მაჰმედ მეორემ ბრძანა, რომ ღვთისმშობლის და სერაფიმების ეს ფრესკა არ დაეფარათ.

პრესსპიკერის თქმით, სხვა ქრისტიანული ფრესკები ლოცვას ხელს არ უშლის.

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება გაუქმებულია. შესაბამისად, ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ემხრობოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები