აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინეთში მყოფ ამერიკელებს შესაძლო დაკავების გაზრდილ რისკზე აფრთხილებს

CNBC

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთში მყოფ და წამსვლელ ამერიკელებს აფრთხილებს, რომ ჩინეთში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან დაკავების და ქვეყნიდან წასვლის აკრძალვის გაზრდილი რისკი არსებობს.

"აშშ-ს მოქალაქეები, შესაძლოა, ისე დააკავონ, რომ წვდომა არ ჰქონდეთ აშშ-ს საკონსულო მომსახურებასთან ან ინფორმაციაზე მათი სავარაუდო დანაშაულის შესახებ“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ამერიკელი მოქალაქეები შეიძლება ხანგრძლივ დაკითხვებს და გახანგრძლივებულ პატიმრობას წააწყდნენ.

"უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ამერიკის მოქალაქეები ჩინეთის მთავრობის მიმართ კრიტიკული პირადი ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გამო შეიძლება დააპატიმრონ ან მათი დეპორტაცია მოხდეს," – წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

პეკინს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა მსგავსი გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ ავსტრალიამაც გამოსცა, რასაც 8 ივლისს ჩინეთმა "სასაცილო დეზინფორმაცია" უწოდა.

9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია. პეკინი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა.

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის გამო, ახლა განსაკუთრებით კი ჰონგ-კონგის ახალი უშიშროების კანონების, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება ავსტრალიას, ჩინეთსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმო-ში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ. 

9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს, იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

კომენტარები