ოჯახში ძალადობა

თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

telavi.gov.ge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდა.

მიხეილ გრემელაშვილს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. პოსტი ამის შესახებ გრემელაშვილის ნათესავმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.  

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2020 წლის ივნისში მ.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და მის შვილს, 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანის, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს, მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს სახლის დატოვება მოსთხოვა.   

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მიხეილ გრემელაშვილი 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ნათესავმა შვილებზე ძალადობაში ამხილა.

"ხმას არ ვიღებ წლებია, დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა, ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, მიხეილ გრემელაშვილს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწოდების გამო. ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან უკვე წლებია, გრძელდება.

უფროს გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა, არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში, მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით... კახეთის "საკრებულოს წევრი, მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები...მე წავიყვან ბავშვებს! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ, მიხეილ გრემელაშვილო...სესიაშვილის პროტეჟე, სესიაშვილსაც უნდა მივწერო, საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ". - დაწერა გრემელაშვილის ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა ფეისბუქზე.  

საპასუხოდ კი გრემელაშვილმა დაწერა, რომ ნათესავი, რომელმაც ის შვილებზე ძალადობაში საჯაროდ ამხილა, "ნაცია".

შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული იარაღი ამოიღეს. 

გრემელაშვილს ბრალად გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობა, მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები