კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

რომან კაკულია: ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწვეული იქნება

droa.ge

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა, უკან გაიწვიეს. 

თუმცა, კვლავ განიხილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. თავდაპირველად ეს საკანონმდებლო პაკეტს წარმოადგენდა. 

კაკულიას თქმით, შექმნილ ფონზე ამ კანონის მიღება მიღება არასწორი იქნება.

"ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა არ არის საჭირო, რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო". – ამბობს რომან კაკულია. 

10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის საკანონმდებლო კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი განიხილა. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია, ტელე-კომუნიკაციის სფეროში მოქმედ კომპანიებში ორი წლის ვადით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც სხვა უფლებებთან ერთად, კომპანიის წილების გაყიდვა შეეძლება. 

საკომიტეტო განხილვას ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და კომუნიკაციების კომისია ესწრებოდა. განხილვას პარლამენტში გუშინ ხმაური მოჰყვა. ინიციატივა გააკრიტიკეს კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სილქნეტის დამფუძნებელმა და მფლობელმა გიორგი რამიშვილმა და, ასევე, იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ. 

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კომენტარები