ვიქტორ ჯაფარიძე

ჯაფარიძე TI-ს კვლევაზე: რუსთაველზე დარბევაში გიგაურმა პრემია რომ აიღო, რაში დახარჯა?

ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 6 მილიონი ლარი მიიღეს.

დეპუტატმა ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდო კორუფციაზე ლაპარაკი სისულელეა. 

"რას ნიშნავს სავარაუდო კორუფცია, რა სისულელეს ლაპარაკობენ. არ დაინტერებულხართ, რუსთაველზე მომიტინგეების დარბევის დროს გიგაურმა პრემია რომ მიიღო, ის რაში დახარჯა? ვთქვათ, ის ქარხანა არ არსებობს და 100 კილომეტრის რადიუსიდან ხო არ მოიტანდნენ? ვინ მალავს ამ შემოწირულობებს? მე რომ შევავსე და გამომრჩა დამაჯარიმეს ამიტომ, მეტი როგორ გითხრათ?" - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე ფორმულასთან.

დღეს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ ფლობაში არსებული კომპანიები ძირითადად გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ, ხოლო შვილის კომპანიები ხშირად იმარჯვებენ ტენდერებში. 

ამის პარალელურად, ორგანიზაციის ცნობით, ჯაფარიძემ, მისი ოჯახის წევრებმა და საქმიანმა პარტნიორებმა ქართულ ოცნებას ჯამურად 410 ათასი ლარი შესწირეს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევაში ასევე მიუთითებს, რომ ვიქტორს ჯაფარიძეს საკუთარი და მისი ცოლის შემოწირულობების შესახებ დეკლარაციაში აღნიშნული არა აქვს.

კომენტარები